საზოგადოება
30.10.2025 11:01
რაგბის თამაშზე დასწრების მსურველთათვის, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა რეისს ამატებს

მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა რაგბის თამაშზე დასწრების მსურველთათვის თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით შტადლერის ტიპის მატარებლის რეისს ამატებს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი რეისი 15 ნოემბერს შესრულდება.

რაც შეეხება განრიგს, მატარებელი თბილისიდან 00:40 საათზე გავა და მგზავრები ბათუმში 06:17 საათზე ჩავლენ.

ბათუმი-თბილისის მიმართულებით კი რეისი 18:55 საათზე შესრულდება. მატარებელი დედაქალაქში კი 00:15 საათზე იქნება.

მსურველები ბილეთების შეძენას საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და პარტნიორი კომპანიების მეშვეობით შეძლებენ.

შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბერში სამ ტესტმატჩს ჩაატარებს – „ბორჯღალოსნები“ 8 ნოემბერს აშშ-ის ნაკრებს ეთამაშებიან, 15-ში - კანადას, ხოლო 22 ნოემბერს იაპონიას შეხვდებიან.

სამივე მატჩი საქართველოში გაიმართება - აშშ-სა და კანადას ქართველი მორაგბეები ბათუმში უმასპინძლებენ, ორივე მატჩი 16:00 საათზე დაიწყება. იაპონიასთან თამაში კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზეა დაგეგმილი.

კვირის ამბები