საზოგადოება
27.10.2025 15:17
26 ოქტომბერს ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185-ე წელი იზეიმეს

26 ოქტომბერს, ვარიანში, სახალხო დღესასწაული „იაკობობა 2025“ გაიმართა

ღონისძიებას, რომელიც იაკობ გოგებაშვილის სახელს უკავშირდება, ტრადიციულად, ცნობილი საზოგადო მოღვაწის და მწერლის მშობლიურმა სოფელმა უმასპინძლა.

იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185-ე წლის აღსანიშნავად, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.

სახალხო დღესასწაული „იაკობობა“ 1971 წელს დაწესდა და წელს 55-ედ აღინიშნა. ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე, „დედაენის“ ავტორი იაკობ გოგებაშვილი, 1840 წელს, გორის რაიონის სოფელ ვარიანში დაიბადა. ცნობილი მწერალი 72 წლის ასაკში, 1912 წელს გარდაიცვალა.

იაკობ გოგებაშვილი არაერთი წიგნის ავტორია, მათ შორისაა როგორც მხატვრული ლიტერატურა, ასევე პედაგოგიკის მეთოდიკის ნაშრომები და სახელმძღვანელოები.

იაკობის ყველაზე ცნობილი წიგნი ,,დედა ენა”, დღემდე ცნობილი მწერლის გარდაცვალებიდან 113 წლის შემდეგაც გამოიყენება სკოლის დაწყებით კლასებში.

კვირის ამბები