
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში ოლივიე კურტოსი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შიდა ქართლში, კერძოდ, ქალაქ ხაშურში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მასშტაბური პროექტი რამდენიმე ლოტისგან შედგება, პირველი ლოტით გათვალისწინებულია მთელი ქალაქის წყალმომარაგების სისტემის, ხოლო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში - წყალარინების ქსელის მშენებლობა. პარალელურად მიმდინარეობს სათავე ნაგებობების, რეზერვუარების და მაგისტრალური მილების მშენებლობა, ხოლო მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის დარჩენილ ნაწილში წყალარინების ქსელის მოწყობა.
„დღეის მდგომარეობით, ხაშურში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები მოძველებულია, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. ქალაქს წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება.
მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ ხაშურის, სოფელ ცხრამუხას, ზემო და ქვემო ოსიაურის 44 000-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
რაც შეეხება მასშტაბური პროექტის ღირებულებას, ხაშურის წყლის და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობას საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), ევროკავშირის და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ჯამში - 350 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის კომპონენტის ფარგლებში კი, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე მოეწყობა მზის პანელები, რაც შემდგომში ელექტროენერგიის ხარჯს შეამცირებს“, - აცხადებენ უწყებაში.