საზოგადოება
27.10.2025 14:30
27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნული დღეა

დღეს, 27 ოქტომბერს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. თარიღი 2023 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით დაწესდა და ყოველი წლის 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემათ მასწავლებლის ეროვნული პრემია - სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

ინიციატივის ფარგლებში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის საზეიმო დაჯილდოების ცერემონია დღეს, 21:30 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.

შეგახსენებთ, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი შიდაქართლელ პედაგოგს, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს - მედეია ტრამაკიძეს გადაეცა. გასულ წელს კი პრემია და ფულადი პრიზი გორელმა პედაგოგებმა - გორის მე-8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ვერა სომხიშვილმა და გორის მე-5 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა ნანა წიწუაშვილმა მიიღეს.

კვირის ამბები