საზოგადოება
23.10.2025 14:13
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს

ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაცვან კანონი და არ გამოიყენონ თევზჭერის აკრძალული საშუალებები.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტულია. უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთის და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შესულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები.

„ერთ-ერთი აკრძალული საშუალებაა ელექტროიარაღი, რომლით თევზჭერაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

ელექტროიარაღი მავნე ზემოქმედებას ახდენს არა მხოლოდ თევზზე, არამედ ყველა ცოცხალ ორგანიზმზე წყლის ეკოსისტემაში. გარდა ამისა, ის საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც. სწორედ ამიტომ დაკვალიფიცირდა თვითნაკეთი ელექტროშოკური აპარატი თევზჭერის ელექტროიარაღად, მისი გამოყენება კი - პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად. მკაცრად დარეგულირდა მისი უკანონო ბრუნვაც.

ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 320-დან 400 საათამდე ან/და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. დასჯადია ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებაც“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

კვირის ამბები