
სახალხო დღესასწაული, რომელიც იაკობ გოგებაშვილის სახელს უკავშირდება, 27 ოქტომბრის ნაცვლად, 26 ოქტომბერს გაიმართება. „იაკობობა 2025“-ს, ტრადიციულად, ცნობილი საზოგადო მოღვაწის და მწერლის მშობლიური სოფელი უმასპინძლებს.
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორის ნათია ადუაშვილის თქმით, გორის მერია იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185-ე წლის აღსანიშნავად, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს. რაც შეეხება თარიღის ცვლილების მიზეზს, 27 ოქტომბერი სამუშაო/სასწავლო დღეა და, შესაბამისად, ბევრი ვიზიტორი ვერ შეძლებს სტუმრობას.
„სახალხო დღესასწაული „იაკობობა“ 1971 წელს დაწესდა და წელს 55-ედ აღინიშნება. დაგეგმილი ღონისძიებები გორის მერიის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო რესურცენტრის ჩართულობით იმართება. მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება კონცერტი მოსწავლეების და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. წარმოდგენილი იქნება ფაცხები საშემოდგომო ნობათით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები დედაენის თემატიკაზე კუთხეებს მოაწყობენ“, - „გორის მაცნესთან“ საუბრისას აღნიშნა ნათია ადუაშვილმა.
ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე, „დედაენის“ ავტორი იაკობ გოგებაშვილი 1840 წელს გორის რაიონის სოფელ ვარიანში დაიბადა. ცნობილი მწერალი 72 წლის ასაკში, 1912 წელს გარდაიცვალა.