22 ოქტომბერს ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 1874 წელს ამერიკელმა ბოტანიკოსმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სტერლონგ მორტონმა დააარსა, რომელიც თავის გამოსვლებში ყოველთვის ხაზგასმით საუბრობდა ხეების და ტყეების სასიცოცხლო მნიშვნელობის შესახებ.
უნიკალური ბუნებრივი რესურსის - ტყის მოვლა-აღდგენა, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოსთვისაც პრიორიტეტია და ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველ წელს მასშტაბურ კამპანიას - „დარგე ხე“ ახორციელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, კამპანიის მიზანი ტყის მოვლა-აღდგენასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. საზოგადოების ჩართულობა და პროცესის გამჭვირვალობა კი ტყის მდგრადი მართვის წინაპირობაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების დაინტერესებას და მათ აქტიურობას.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ტყის აღდგენის სამუშაოები 4000 ჰექტარ ფართობზე უკვე ჩატარდა და მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. 2030 წლამდე, გეგმის მიხედვით, განაშენიანება სულ მცირე 20 ათას ჰა ფართობზე განხორციელდება.
„ხის დარგვის ვალდებულების გაცნობიერება გარემოზე ზრუნვას ნიშნავს, რაც ეკოსისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხის დარგვით თითოეულ ადამიანს, ნებით თუ უნებლიეთ, წვლილი შეაქვს ბუნებაში არსებული ბალანსის შენარჩუნებაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო, არაერთ საინფორმაციო კამპანიასთან ერთად, ტყის მოვლით და სანიტარულ ჭრებსაც ახორციელებს, რაც მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. შესაძლებელია ეკონომიკური თვალსაზრისით გამოსაყენებელი მერქნული რესურსის მოპოვებაც, აქ ისევ მნიშვნელოვანი წესი მოქმედებს - არ მოვიპოვოთ იმაზე მეტი, რაც ამ ბუნებრივი რესურსის განახლებას შეაფერხებს და დააზიანებს. შესაბამისად, სამინისტროს ყველა ღონისძიება სწორედ აქეთკენაა მიმართული“, - აცხადებენ სააგენტოში.