საზოგადოება
22.10.2025 12:07
გორის მუნიციპალიტეტის მერია საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებას აგრძელებს

ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტი - „საქართველოს დაცული ტერიტორიები და ფრინველების მიმოფრენა“ გრძელდება.

პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სკოლების ეკოკლუბების მოსწავლეები, ფრინველთა მიმოფრენაზე დაკვირვების და უკეთ შესწავლის მიზნით კოლხეთის ეროვნულ პარკსა და კრწანისის დაცულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

„მონაწილეებმა, პროგრამის ფარგლებში, ასევე, მოისმინეს პრეზენტაციები საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ, ვირტუალურად იმოგზაურეს საქართველოს ეროვნულ პარკებში, გაეცნენ საქართველოს ფლორას და ფაუნას, თემის სპეციალისტებისგან მიიღეს ინფორმაცია გადამფრენი ფრინველების ცხოვრების და თავისებურებების შესახებ. პროექტს კონფერენცია დაასრულებს, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება.

რაც შეეხება პროექტის მიზანს, საქართველოს ეროვნული პარკების ბიომრავალფეროვნების, განსაკუთრებით კი, გადამფრენი ფრინველების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ეკოტურიზმის ხელშეწყობა და ბუნების დაცვის იდეების პოპულარიზაციაა“, - აღნიშნავენ გორის მერიაში.

პროექტი - „საქართველოს დაცული ტერიტორიები და ფრინველების მიმოფრენა“ ვაჟა - ფშაველას სახელობის გორის მეცხრე საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება.

კვირის ამბები