სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ლაბორატორიულად შეუმოწმებელი პროდუქტებისგან ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია, ამიტომ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინსპექტირების ჯგუფები სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებულ რძეს ამოწმებენ. კონტროლდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი), უფლებამოსილი პირები, ასევე, იღებენ რძის ნიმუშებს სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად.
„გარდა სავაჭრო ობიექტებისა, ნედლი რძის ნიმუშების აღება (იმ ნედლეულის, რომლისაგანაც იწარმოება სხვადასხვა დასახელების რძის ნაწარმი) ხორციელდება რძის შემკრები პუნქტებიდან და გადამამუშავებელი საწარმოებიდან. ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიულ რეჟიმში ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ რძე ლაბორატორიულად მოწმდება 24 მაჩვენებელზე, მათ შორისაა ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენების (ანტიბიოტიკების), აფლატოქსინ M1-ის, ბრუცელოზის, ტყვიის განსაზღვრა და სხვა.
კომპლექსური კონტროლის პარალელურად, სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების რისკი მაღალია“, - აცხადებენ სააგენტოში.