მთელი საქართველო ბათუმში მოსაგებად - საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გულშემატკივრები ბათუმში რაგბის თამაშზე დასასწრებ ბილეთს საჩუქრად მიიღებენ, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, გადაწყვეტილება რაგბის კავშირთან ერთად მიიღეს და სასიამოვნო სიახლე ბორჯაღალოსნების ქომაგების მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.
„მორაგბეთა ნაკრების გულშემატკივრები, 7,8,14,15 ნოემბერს თბილისი-ბათუმის მატარებლის ბილეთის შეძენის შემთხვევაში, რაგბის თამაშზე დასასწრებ ბილეთს საჩუქრად მიიღებენ. ჩვენი ეს გადაწყვეტილება ერთგვარი მოტივაციაა რაგბის მოყვარულთათვის“, -აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბერში სამ ტესტმატჩს ჩაატარებს – „ბორჯღალოსნები“ 8 ნოემბერს აშშ-ის ნაკრებს ეთამაშებიან, 15-ში - კანადას, ხოლო 22 ნოემბერს იაპონიას შეხვდებიან.
სამივე მატჩი საქართველოში გაიმართება - აშშ-სა და კანადას ქართველი მორაგბეები ბათუმში უმასპინძლებენ, ორივე მატჩი 16:00 საათზე დაიწყება. იაპონიასთან თამაში კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზეა დაგეგმილი.
თამაშებზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა ონლაინ: gr. com. ge-ზე, TKT. GE-ზე და რკინიგზის სალაროებში შეუძლიათ.