სპორტი
20.10.2025 13:42
გიორგი ხინჩეგაშვილის მემორიალური ტურნირი გორელთა გუნდური გამარჯვებით დასრულდა

თავისუფალ ჭიდაობაში გამართული მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის - გიორგი ხინჩეგაშვილის მეცხრე მემორიალური ტურნირი გორელთა გუნდური გამარჯვებით დასრულდა.

შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოჭიდავეებთან ერთად, სომხეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. სპორტსმენები პირველობისთვის ერთმანეთს 10 წონით კატეგორიაში დაუპირისპირდნენ.

რაც შეეხება გამარჯვებულებს და პრიზიორებს, გორელთაგან ტურნირის გამარჯვებულები ლუკა დოთიაშვილი (45 კგ.), ზურა დოთიაშვილი (48 კგ.), ტარიელ საათაშვილი (51 კგ.), თემურ თუთარაშვილი (55 კგ.), შალვა თვაური (60 კგ.), დავით ყაყიტაშვილი (65 კგ.) და რატი რევაზიშვილი (71 კგ.) გახდნენ.

ნიკა მაყიშვილმა (48 კგ.) ასპარეზობა მეორე ადგილით დაასრულა.

მესამე ადგილზე კი გიორგი ქარელი (48 კგ.) და ზუკა წინამძღვრიშვილი (65 კგ.) გავიდნენ.

გამარჯვებულები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ და პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დააჯილდოვეს. საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის მემორიალურ ტურნირს საფუძველი 2016 წელს, ღვაწლმოსილი მწვრთნელის - ნუგზარ სხირელის ინიციატივით ჩაეყარა.

კვირის ამბები