
პროექტის - „ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის და ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული განვითარება“ ფარგლებში, 18 ოქტომბერს ფესტივალი ტანა-თეძმობა გაიმართა.
ღონისძიებას ბიისმა უმასპინძლა.
ფესტივალი პირველი ნაბიჯი იყო ყოველწლიური ტრადიციის დასამკვიდრებლად და მისი მიზანია ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიის შესახებ ცნობადობის გაზრდა, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თუ ტრადიციების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა-გაზიარება.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქცია, სხვადასხვა სახის ღვინო, ტრადიციული საკვები, ხელნაკეთი ნივთები. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, დეტალური ინფორმაცია მიეღო ადგილობრივ სასტუმროებსა და ღირსშესანიშნაობებზე.
მოეწყო ფოტოგამოფენა - „ადგილობრივი ფოტოგრაფების თვალით დანახული ტანისა და თეძმის ხეობა“, ამასთან - გასართობ-საგანმანათლებლო სივრცე პატარებისთვის, შემოქმედებითი აქტივობები და სხვა.
ფესტივალს, ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული პირები და ახალგაზრდული კლუბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფესტივალი, ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN), გორის მუნიციპალიტეტის მერიის და გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის, გორის ცენტრალური მოედნიდან ბიისის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი მოძრაობდა.