საზოგადოება
20.10.2025 13:39
ქართველ ფერმერებს აგროკონსულტაციებს უცხოელი ექსპერტები გაუწევენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ტექნიკური დახმარების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამას ახალი მიზნობრიობა - უცხოური ექსპერტების მომსახურების თანადაფინანსება დაემატა. პროექტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში ჩართულ ფერმერებს აგროკონსულტაციებს უცხოელი ექსპერტები გაუწევენ.

როგორც სააგენტოშო აცხადებენ, პროგრამით დადგენილია კონსულტანტის და ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების სფეროები. კერძოდ, კონსულტანტი განახორციელებს აგროსაქმიანობასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს, ხოლო ტექნიკური კონსულტანტი ფერმერებთან მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების მიმართულებით იმუშავებს.

„პროგრამის დადგენილი პირობით, უცხოური კონსულტანტების მომსახურების ღირებულების 70% -ს სოფლის განვითარების სააგენტო დაფარავს. თანადაფინანსების ლიმიტი 30 000 ლარს შეადგენს. ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების შემთხვევაში კი თანადაფინანსების ლიმიტი განსაზღვრულია 70 %-ით, არაუმეტეს 10 000 ლარით. წლის განმავლობაში პროგრამით სარგებლობა ერთ პოტენციურ ბენეფიციარს 2-ჯერ შეუძლია რაც შეეხება თანადაფინანსების ლიმიტს, ჯამში, 40 000 ლარია“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: rda. gov. ge

კვირის ამბები