გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების დაწვასთან დაკავშირებით, კონტროლს ამკაცრებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაწვან ეზოში მოგროვებული ფოთლები და კანონის შესაბამისად იმოქმედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შემოდგომაზე, საკარმიდამო ეზოს დასუფთავების დროს ფოთლების დაწვა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დღემდე მავნე პრაქტიკად რჩება.
ფოთლების წვის დროს გამოყოფილი კვამლი კი მომწამვლელ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც არა მხოლოდ გარემოს აყენებს ზიანს, არამედ საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას და განსაკუთრებით მავნეა ბავშვებისთვის.
„ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
გარემოს დაბინძურების შემცირება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტულია. გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების აღკვეთის, გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. პარალელურად, მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დაფიქსირებულ თითოეულ შეტყობინებაზე“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.