

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ და ხელმძღვანელობასთან ერთად, მუზეუმის კიდევ უფრო მეტად განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზები, ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან ჩამოტანილი თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენაც დაათვალიერეს, რომელიც, ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მუზეუმში ტურიზმის განყოფილების ინიციატივით საზეიმოდ გაიხსნა.
გამოფენა პროექტის - „ემეგობრე მუზეუმის“ ფარგლებში ხორციელდება და დამთვალიერებელს მისი ნახვა 26 ოქტომბრამდე შეუძლია.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.