საზოგადოება
15.10.2025 16:09
საერთაშორისო გამოფენაში - Green Week 2026 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება იწყება

საერთაშორისო გამოფენაში - Green Week 2026 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 16 ოქტომბერს 12:00 საათზე დაიწყება და 30 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლითაა შესაძლებელი.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, მათი ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ საკვებ ან/და სასმელ პროდუქციას.

„საერთაშორისო გამოფენა Green Week 2026, 16 - 25 იანვარს ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაიმართება და მონაწილეობას 50 ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია მიიღებს. გამოფენას ყოველწლიურად 310,000-მდე ვიზიტორი სტუმრობს.. Green Week წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სავაჭრო გამოფენას სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის სფეროში და ათი დღის განმავლობაში, მწარმოებლები მთელი მსოფლიოდან, წარმოადგენენ პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

გამოფენის ფარგლებში, გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს ორგანიზებით, ასევე, ჩატარდება გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმი (GFFA), რომელიც წამყვანი საერთაშორისო კონფერენციაა გლობალური სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ძირითად საკითხებზე“, - აცხადებენ სააგენტოში.

გამოფენაზე პროდუქციის წარდგენის მსურველმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501.

ცნობისთვის, 2026 წელს გამოფენა 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. წლების განმავლობაში აღნიშნული ღონისძიება გლობალური სოფლის მეურნეობისა და კვების ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ პლატფორმად ჩამოყალიბდა.

კვირის ამბები