საზოგადოება
15.10.2025 14:01
ტანა-თეძმობის ფესტივალზე დასწრების მსურველებისთვის უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს

პროექტის - „ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის და ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული განვითარება“ ფარგლებში, 18 ოქტომბერს ფესტივალი ტანა-თეძმობა გაიმართება.

მასშტაბური ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიისში (13:00-დან 17:00 საათამდე) მოეწყობა. ფესტივალზე დასწრების მსურველებისთვის, ამ დღეს, უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს, რომელიც გორის ცენტრალური მოედნიდან 12:00 საათზე გავა.

გორის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მასშტაბური ღონისძიება ადგილობრივი ფერმერებისთვის, ბიზნესის და თემისთვის შექმნის ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობებს. ფესტივალი, ასევე, იქნება პირველი ნაბიჯი ყოველწლიური ტრადიციის ჩამოყალიბებისკენ, რომელიც გაზრდის ცნობადობას ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიის შესახებ, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თუ ტრადიციების გაცნობა-გაზიარებას.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება: ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქცია, ღვინოები, ტრადიციული საკვები, ხელნაკეთი ნივთები. დამთავალიერებელი შეძლებს ინფორმაციის მიღებას ადგილობრივი სასტუმროების შესახებაც.

მოეწყობა ფოტოგამოფენა:„ადგილობრივი ფოტოგრაფების თვალით დანახული ტანისა და თეძმის ხეობა“, გასართობ-საგანმანათლებლო სივრცე პატარებისთვის, შემოქმედებითი აქტივობები და სხვა.

ფესტივალს ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოსთან ერთად გამართავს.

კვირის ამბები