ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს. აცრა 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ყველა მოქალაქისთვის უფასოა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების ოთხკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra ) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია გრიპის სეზონზეა მოსალოდნელი.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის/ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა, სახიფათო დაავადებად იქცეს“, - აცხადებენ სამინისტროში.
რაც შეეხება აცრის კაბინეტებს, მსურველებს ვაქცინაციის ჩატარება გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ოთხ ლოკაციაზე შეუძლიათ: სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“ (ჭავჭავაძის გამზ. 56), შპს „გორმედი“ (ცხინვალის გზატკ. 14), შპს „მედიქალ ცენტრი“ (სუხიშვილის ქ. 63) და შპს „ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი" (სოფელი ნიქოზი).