საზოგადოება
13.10.2025 14:52
დღეიდან, შენგენის ზონაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ელექტრონული შესვლა-გასვლის სისტემა ამოქმედდა - რას ითვალისწინებს სიახლე

დღეიდან, 13 ოქტომბრიდან შენგენის ზონაში EU-ს არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ელექტრონული (EES- Entry Exit System) შესვლა-გასვლის სისტემა ამოქმედდა.

ევროპის ქვეყნებში მოკლევადიან მოგზაურებისგან ახალი სისტემა სამგზავრო დოკუმენტიდან მგზავრობის თარიღებს და ბიომეტრიულ მონაცემებს ჩაიწერს. ტურისტებს კი პასპორტში აღარ ექნებათ შტამპები შესვლის და გავლის დროს.

EES სისტემის დანერგვის მიზანი სასაზღვრო კონტროლის დაჩქარება, დანაშაულის შემცირება, საზღვრის უკანონო გადაკვეთის აღკვეთა და იმის კონტროლია, რომ მესამე ქვეყნების მოქალაქეებმა დაშვებულ 90-დღიან ვადას არ გადააჭარბონ.

მოგზაურობისას, სისტემასთან პირის პირველად შეხვედრისას, ფოტო, თითის ანაბეჭდები და პასპორტის მონაცემები ჩაიწერება, რისთვისაც საზღვრის კვეთის პუნქტებში თვითმომსახურების კიოსკებია დამონტაჟებული.

რეგისტრაციის შემდეგ, მომდევნო ვიზიტებისას სისტემა მოგზაურის მონაცემებს (ფოტო და თითის ანაბეჭდები) შეადარებს უკვე არსებულ ჩანაწერს. თუ პირს უკვე აქვს ბიომეტრიული პასპორტი და ხელმისაწვდომია ელექტრონული ჭიშკარი (E-gates), პროცესი უფრო სწრაფი იქნება.

აღნიშნული მონაცემები შეინახება სამი წლის განმავლობაში. თუ ამ ვადაში არ იმოგზაურებთ შენგენში, ხელახალი რეგისტრაცია დაგჭირდებათ.

ახალი პასპორტის აღების შემთხვევაში კი ხელახალი რეგისტრაცია არ დაგჭირდებათ, სისტემა უბრალოდ განაახლებს პასპორტის ნომერს.

ევროკავშირის მოქალაქეებს და მათ მუდმივ რეზიდენტებს, მიუხედავად მოქალაქეობისა, რეგისტრაცია არ მოეთხოვებათ.

12 წლამდე ასაკის ბავშვებს კი საზღვრის კვეთისას თითის ანაბეჭდის გაკეთება არ სჭირდებათ.

კვირის ამბები