
ახალგაზრდობის სააგენტომ საგრანტო კონკურსი - „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ გამოაცხადა.
კონკურსი ორ მიმართულებას - რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების და სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა მოიცავს.
როგორც ახალგაზრდობის სააგენტოში განმარტავენ, კონკურსის მიზანია ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე რეგიონში რეგისტრირებული არასამეწარმეო იურიდიული პირების, ან/და საინიციატივო ჯგუფების, ან/და სტუდენტური საინიციატივო ჯგუფების ხელშეწყობა იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ახალგაზრდული სფეროს და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას, ახალგაზრდების ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით მათი ცნობიერების დონის ამაღლებას ემსახურება.
რაც შეეხება მონაწილეობას, საგრანტო პროექტის წარდგენის უფლება აქვს: რეგიონში რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას; ფიზიკურ პირს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას; უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფში არანაკლებ ხუთ სტუდენტს აერთიანებს.
„მცირე გრანტების კონკურსის საერთო ბიუჯეტი 435 000 ლარია. ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება კი 15 000 ლარს შეადგენს.
საგრანტო კონკურსის - „რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ განაცხადები მიიღება ელექტრონულ ფოსტაზე - grants-2@youthagency. gov. ge, ხოლო კონკურსის - „სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა“ - grants-3@youthagency. gov. ge. -ზე. საკონკურსო განაცხადების მიღება 26 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი“, - აცხადებენ სააგენტოში.