გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გორში, ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში სამუშაო შეხვედრა გამართა და ვაშლის მოსავლის აღება-დაბინავების მიმდინარე საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე და სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ხილის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მეწარმეები არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი პროგრამით და საკოორდინაციო შტაბის გამართული მუშაობით კმაყოფილები არიან. მიმდინარე წელს გამოწვევაა მუშახელი, რის გამოც ვაშლის კრეფის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს.
შეხვედრის შემდეგ, მინისტრი და ხელისუფლების წარმომადგენლები გორში, ხილის გადამმუშავებელ კომპანია „ჯეო კონცენტრატში“ იმყოფებოდნენ, სადაც არასტანდარტული ვაშლის მიღების პროცესს გაეცნენ.
ცნობისთვის, შპს „ჯეოკონცენტრატი“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიაა. ამ ეტაპზე, საწარმომ, პროგრამის ფარგლებში, 1 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი გადაამუშავა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 14 საწარმო იბარებს, მათ შორის, შიდა ქართლის რეგიონში 7 საწარმო, სამცხე-ჯავახეთში - 2, ხოლო ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში არასტანდარტულ ვაშლს თითო საწარმო იბარებს.