გორის მუნიციპალიტეტში ვაშლის მოსავლის აღების პროცესს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, კვარხეთში, შპს „ტირიფონის ბაღებსა“ და კომპანია „ტირიფონის ხილის“ სამაცივრე მეურნეობაში იმყოფებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ფერმერებთან, სადაც შიდა ქართლში არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა ყურადღება. საუბარი შეეხო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების გარკვეულ პროგრამებში ცვლილებების აუცილებლობას. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების გარკვეულ ცვლილებებზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობის დარგში ფერმერების გადამზადების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, რაც უცხოელი აგროკონსულტანტების მომსახურების თანადაფინანსებას გულისხმობს.
რაც შეეხება აღნიშნულ კომპანიებს, რომლებიც მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა, შპს „ტირიფონის ბაღები“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ და პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ხელშეწყობით, 28 ჰა ვაშლის და 2.8 ჰა მსხლის ბაღი გააშენა, რომელიც ავტომატური წვეთოვანი სარწყავი სისტემით, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებითა და მეტეოსადგურით აღჭურვა.
შპს „ტირიფონის ხილი“ კი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოს „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროგრამის და პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ მხარდაჭერით შეიქმნა.
შემნახველი ინფრასტრუქტურა მოიცავს იტალიური და გერმანული წარმოების სამაცივრე დანადგარებს, რომელთაც 1 000 ტონა ხილის შენახვის შესაძლებლობა აქვთ.