საზოგადოება
06.10.2025 16:11
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების განახლებული დიზაინით გაცემა იწყება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების განახლებული დიზაინით გაცემა იწყება.

ახალ დოკუმენტებს მიიღებენ ის პირები, რომლებიც დღეიდან, 6 ოქტომბრიდან გააკეთებენ განაცხადს.

„აღსანიშნავია, რომ საფასურები იგივე რჩება, ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით. ამასთან, დღეიდან, ასევე, განახლებული დიზაინით გაიცემა შემდეგი საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტები: დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა; მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა; დიპლომატიური პასპორტი; სამსახურებრივი პასპორტი; ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი; საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი.

ახალი თაობის დოკუმენტების უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მათი დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული“, - აღნიშნავენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

დაინტერესებულ პირებს დოკუმენტებზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებში, მობილურ იუსტიციის სახლებსა და დისტანციურად - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით.

რაც შეეხება პირადობის ელექტრონული მოწმობის ახალი დიზაინით გაცემას, 2025 წლის 3 ნოემბრიდანაა დაგეგმილი.

კვირის ამბები