6 ოქტომბერს მსოფლიო ცერებრალური დამბლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თარიღი ცერებრალური დამბლის ალიანსმა 2012 წელს დაარსა და მიზნად ისახავს ცერებრალური დამბლით დაავადებული ადამიანების (CP), მათი მეგობრების, ოჯახების და ორგანიზაციების მხარდაჭერას და გაერთიანებას, ასევე, უზრუნველყოფს, რომ ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებსა და მოზრდილებს ჰქონდეთ იგივე უფლებები და შესაძლებლობები, როგორიც ყველას.
ცერებრალური დამბლა ეს არის განვითარებადი თავის ტვინის დაზიანების შედეგი. ტერმინში „განვითარებადი“ თავის ტვინი იგულისხმება პერიოდი (მუცლადყოფნის პერიოდიდან 2 წლის ასაკამდე), როდესაც თავის ტვინს ჯერ არ აქვს „დასწავლილი“ ისეთი უნარ-ჩვევები როგორიცაა მაგალითად: ჯდომა, დგომა, სიარული, ხელის და თითების ნატიფი მოძრაობები და ა.შ. დაზიანება, რომელიც განაპირობებს შემდგომში ცერებრული დამბლის განვითარებას, შესაძლოა მოხდეს ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში, მშობიარობისას ან სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში.
ცერებრული დამბლის ძირითადი დამახასიათებელი გამოვლინება არის მოძრაობითი (მოტორული) სფეროს განვითარების შეფერხება ან ჩამორჩენა და ხშირად ახლავს მგრძნობელობითი, კოგნიტური, კომუნიკაციური, პერცეპციული, ბიჰეივიორული პრობლემები და ეპილეფსიური გულყრები.