საზოგადოება
18.09.2025 15:01
გორში, მინი გალერეაში ხელოვნების უფასო სამთვიანი კურსები იწყება

გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მინი გალერეა ხელოვნების უფასო სამთვიანი კურსები იწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი მშობლის და შვილის ხელოვნების თერაპიულ კლუბს და მინი გალერეის სამთვიან ხელოვნების კურსებს აერთიანებს.

მშობლის და შვილის კლუბში გაწევრიანება 4-9 წლის ბავშვებს და მათ მშობლებს შეუძლიათ. მონაწილეები გაეცნობიან თიხაზე, თექაზე მუშაობის და ფარდაგის ქსოვის ტექნიკას. შექმნიან ხელნაკეთ ნივთებს.

რაც შეეხება ხელოვნების უფასო სამთვიან კურსს, პროექტში ჩართვა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 9-15 წლის ასაკის ბავშვებს და დასაქმების მიღმა მყოფ ქალებს შეუძლიათ. მონაწილეები კერამიკის, თექაზე მუშაობის და ქართული ფარდაგების ქსოვის მიმართულებით მიიღებენ ცოდნას. შექმნიან ნამუშევრებს, რომლებიც სპეციალურ გამოფენაზე გამოიფინება.

მსურველებს სარეგისტრაციო ფორმის შევსება ელექტრონულად გორის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე შეუძლიათ. განაცხადის გაკეთება 24 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად პროექტში ჩართვის მსურველმა უნდა დარეკოს ტელეფონის ნომერზე: 574 11 29 13.

კვირის ამბები