საზოგადოება
18.09.2025 15:00
ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კულტურის სამინისტრომ ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.

ლიტერატურული კონკურსი, რომელიც 2022 წელს დაარსდა, დიდი ქართველი პოეტის - ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება და ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსი ყოველწლიურია და მისი მიზანი ქალი ავტორების ხელშეწყობა, წარმოჩენა და წახალისებაა. ერთ-ერთი ნომინაცია კი როგორც ქალ, ისე მამაკაც ავტორებს აძლევს კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობას და პრემია გაიცემა ნაწარმოებისთვის, რომელიც ქალის თემას ეძღვნება.

რაც შეეხება მონაწილეობას, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. საკონკურსოდ კი განიხილება კონკურსის გამოცხადების წინა წელს წიგნად გამოცემული თანამედროვე ქალი ავტორის/ავტორების ქართულენოვანი ან/და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხო ენაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები; ასევე, გასულ წელს გამოსაცემად მომზადებული და ჯერ კიდევ წიგნად გამოუცემელი ქართულენოვანი ან/და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხო ენაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები.

„გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: „ქალი პროზაიკოსი“ (საუკეთესო პროზაული კრებულისთვის); „ქალი პოეტი“ (საუკეთესო პოეტური კრებულისთვის); „ქალი მთარგმნელი“ (საუკეთესო თარგმანისთვის) და „ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი“.

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა სიგელი და პრემია 5 000 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით).

კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტი უფლებამოსილია, საკონკურსო განაცხადი წარმოადგინოს სხვადასხვა ნომინაციაში, თუმცა ერთ ნომინაციაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი ნაწარმოების/კრებულის წარდგენა.

ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, პრემია გაიცემა თითოეული ნომინაციისთვის.

კონკურსის გამარჯვებულებს მინისტრის მიერ დამტკიცებული კომისია გამოავლენს, რომელიც ლიტერატურის სფეროში ავტორიტეტული ხუთი სპეციალისტისგან შედგება“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკონკურსო განცხადებების მიღება 2025 წლის 30 სექტემბრის 12:00 საათამდე სამინისტროში (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4), ნაბეჭდი სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე (info@culture.gov.ge) ელექტრონულადაა შესაძლებელი. კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია კი მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება.

დაინტერესებულმა პირმა დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სამინისტროს ცხელ ხაზზე: 032 2 022229; მობ.: 599877816.

კვირის ამბები