საზოგადოება
18.09.2025 13:43
ალკოჰოლური სასმელის და უაქციზო სიგარეტის გამო დაკავებულ 7 პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენებით საქონლის წარმოების ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2022 წლიდან, ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.

„ჯგუფის წევრების განზრახვა მოიცავდა აქციზურ მარკას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების ალკოჰოლური სასმელების დამზადება-შენახვასა და მისი შემდგომი რეალიზაციით მატერიალური სარგებლის მიღებას.

ბრალდებულებს ქალაქ გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არაყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

დამზადებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის გასამარტივებლად და უფრო მეტი სარგებლის მისაღებად კი ჯგუფის წევრები იყენებდნენ სხვადასხვა ცნობილი უცხოური ბრენდების დასახელებას და სასაქონლო ნიშნებს.

2025 წლის 16 სექტემბერს, ბრალდებულები მათი ძირითადი დანაშაულებრივი საქმიანობის მისამართზე, აქციზური მარკის გარეშე ინახავდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 75 000-მდე ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს, რომელთა სავარაუდო ღირებულება რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, დაკავებებულები გორში მცხოვრები პირები არიან.

კვირის ამბები