საზოგადოება
18.09.2025 12:59
18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა

18 სექტემბერს წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე აღინიშნება.

თარიღი 2003 წელს, ამერიკის სუფთა წყლის ფონდმა (ACWF) დააარსა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება, რაც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას მსოფლიოს წყლის რესურსების დაცვაში.

როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წყლის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით - ფართოვდება მონიტორინგის ქსელი, იზრდება განსასაზღვრი პარამეტრების რაოდენობაც.

„დღეის მდგომარეობით, წლის განმავლობაში ზედაპირული წყლის მონიტორინგი 238 წერტილში, ხოლო მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგი 72 წყალპუნქტზე ხორციელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტო 12 წერტილში, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგსაც. კვლევებით ისაზღვრება ზღვის წყლის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.

რაც შეეხება ჰიდროლოგიური დაკვირვების ქსელის გაფართოებას, ბოლო 10 წლის განმავლობაში დაკვირვება, დაახლოებით, 60 წერტილზე მიმდინარეობს.

წყლის ხარისხის კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში ხორციელდება, რომელიც მაღალტექნოლოგიური ანალიტიკური ხელსაწყოებითა აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს“, - აცხადებენ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

კვირის ამბები