საზოგადოება
16.09.2025 12:48
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი საოკუპაციო ხაზთან მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.

სიმონ გულედანმა, თამაზ შიოშვილმა და გიორგი ბერძნიშვილმა მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

როგორც სიმონ გულედანმა აღნიშნა, მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიღება და ხელმისაწვდომობა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით მინდა მივულოცო შიდა ქართლში მცხოვრებ მოსწავლეებს და პედაგოგებს. გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ წელს. მეჯვრისხევი გამყოფ ხაზთან მდებარეობს, ამ სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ჩვენი მხარდაჭერა და ზრუნვა სჭირდებათ. განათლების ხელშეწყობა და ხელმისაწვდომობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ჩვენი ქვეყნის ძლიერი მომავლისთვის“, - აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა.

შეგახსნებთ, გასულ წელს მეჯვრისხევის საჯარო სკოლის შენობას, რომელიც 600 მოსწავლეზეა გათვლილი, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შენობაში თანამედროვე სასწავლო სივრცეები განთავსდა. მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი და სასადილო, ასევე, ექიმის კაბინეტი, რესურსოთახი და სპორტული ინფრასტრუქტურა.

ცნობისთვის, 2025-2026 სასწავლო წელს გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში 1470 პირველკლასელი მივიდა.

კვირის ამბები