საზოგადოება
15.09.2025 12:22
განათლება არის ის ძალა, რომელიც ქმნის ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს - გივი მიქანაძემ მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

საქართველოს სკოლებში 2025-2026 სასწავლო წელი დღეს განახლდა.

ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მიულოცა.

გივი მიქანაძემ თითოეულ მათგანს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სამინისტროს უმთავრესი მიზანი მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობაა.

„ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, პედაგოგებო, მთელი გულით გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ეს დღე მართლაც განსაკუთრებულია - პირველკლასელები პირველად შეაღებენ სკოლის კარს, მოსწავლეები და მასწავლებლები კი დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი განათლება, განვითარდეს და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს. ამისთვის ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომ ყველა სკოლას ქვეყნის მასშტაბით ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო.

ახალ სასწავლო წელს ვხვდებით არაერთი განახლებული სკოლით და ეს არის სწორედ იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების შედეგი, რომელსაც სახელმწიფო, როგორც განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, ასევე, სწავლის და შრომის ღირსეული პირობების შესაქმნელად დგამს.

გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის ყველა მასწავლებელს, დირექტორს და თანამშრომელს, რადგან თქვენ უდიდესი წვლილი შეგაქვთ მომავალი თაობის აღზრდა-განათლების საქმეში და ეს შრომა მართლაც ფასდაუდებელია. ყოველთვის ვამბობ, რომ სწორედ განათლება არის ის ძალა, რომელიც ქმნის ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ! გისურვებთ საინტერესო, ნაყოფიერ და წარმატებებით სავსე ახალ სასწავლო წელს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

 

კვირის ამბები