საზოგადოება
11.09.2025 11:18
წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს და ვერცხლის მედლები გადაეცათ

გორის მუნიციპალიტეტის 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს და ვერცხლის მედლები გადაეცათ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 278-მა კურსდამთავრებულმა მოიპოვა მედალი. მათ შორის, 241 - ოქროს, ხოლო 37 ვერცხლის მედალოსანია.

საზეიმო ღონისძიებას პარლამენტის წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიში, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გიორგი ბერძნიშვილი და თვითმმართველობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა კურსდამთავრებულებს კუთვნილი ჯილდო გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

„საამაყო ღონისძიებას დავესწარით, ჩვენს მუნიციპალტეტში მცხოვრებ 278 ახალგაზრდას დამსახურებული ოქროს და ვერცხლის მედლები გადავეცით. ამ ახალგაზრდებმა დიდი დრო და ენერგია ჩადეს სწავლაში და შედეგიც დაუფასდათ. წარმატებას ვულოცავ როგორც თითოეულ მათგანს, ისე მათ პედაგოგებს. სწორედ ამ ახალგაზრდებზე ვამყარებთ დიდ იმედებს, რომ მომავალში გადაიბარებენ მართვის სადავეებს და როგორც ჩვენს რეგიონს, ისე ქვეყანას ეყოლება ღირსეული, განათლებული და კვალიფიციური პროფესიონალები“, - აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა.

ცერემონიას, რომელიც საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე კულტურის ცენტრმა უმასპინძლა.

შეგახსენებთ, მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა დამრგვალების გარეშე არის 10, იღებს ოქროს მედალს, ხოლო ვერცხლის მედალი გადაეცემა მოსწავლეს, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 9,8 ან 9,9.

კვირის ამბები