15 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ახალ სასწავლო წელს იწყებს.
სააგენტოს ცნობით, სასწავლო-საწვრთნელი მეცადინეობა 5 სასპორტო სკოლაში, სპორტის 20 სახეობაში დაიწყება და ახალ ნაკადთან ერთად, პროცესში ჩაერთვებიან სპორტსმენები, რომლებიც გასულ წლებშიც ვარჯიშობდნენ. მათივე ცნობით, ყველა სპორტულ სექციაზე სწავლა უფასოა.
„სასწავლო-სავარჯიშო პროცესი დაიწყება, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს შემდეგ სასპორტო სკოლებსა და სპორტის სახეობებში: შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა (ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ქართული ჭიდაობა, სამბო, კრივი, კიკბოქსინგი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, რაგბი, მკლავჭიდი, კარატე, ტაეკვანდო, ტანვარჯიში, ჭადრაკი, მძლეოსნობა, ძალოსნობა, ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ალპინიზმი); გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა (ძიუდო, ქართული ჭიდაობა, სამბო); ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა (თავისუფალი ჭიდაობა); ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზებული სკოლა (კრივი) და ვარიანის გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის სკოლა (კრივი)“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სასპორტო სკოლებში ვარჯიშის მსურველებმა სახეობის შერჩევის შემდეგ, მითითებული სასპორტო სკოლის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები: განცხადება, დაბადების მოწმობის ასლი, ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100) და ორი ფოტოსურათი (3X4).