საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ,,ნიქოზი 2025“ მიმდინარეობს.
ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციულად, წელსაც იმართება საუბრები ანიმაციასა და ზოგადად, კინოხელოვნებაზე, ტარდება კულტურული და შემოქმედებითი საღამოები, გამოფენები, ლექციები, მასტერ-კლასები. ფესტივალის მონაწილეების და უცხოელი სტუმრებისათვის დაგეგმილია სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ისინი უფრო ახლოს გაეცნობიან ქართულ კულტურას და საქართველოს ისტორიას.
ფესტივალის გახსნის ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფესტივალის ინიციატორი და მასპინძელი წელსაც ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაიაა. ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში, საქართველოსთან ერთად, 28 ქვეყნის რეჟისორ-ანიმატორები მონაწილეობენ.
„საოცარია ნიქოზიდან გაჟღერებული სიყვარულით სავსე ჰანგები, რაც იმის მანიშნებელია, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.
ფესტივალი, რომელიც თორმეტწლიან ისტორიას ითვლის, ყოველთვის იქნება ემოციური და შთამბეჭდავი თავისი შინაარსით, ადგილმდებარეობით და იდეით.
წარმოუდგენლად დიდია მეუფე ისაიას ღვაწლი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, მის სახელს უკავშირება უამრავი მნიშვნელოვანი და სასიკეთო საქმე. მინდა, მადლობა გადავუხადო მას, ვუსურვო წარმატებები ფესტივალის ყველა მონაწილესა თუ სტუმარს“, - აღნიშნა კონსტანტინე ბუზალაძემ.
რეგიონისთვის ფესტივალის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა შიდა ქართლის რწმუნებულმა სიმონ გულედანმაც და აღნიშნა, რომ ღონისძიება ადგილობრივ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს საგანმანათლებლო და კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთონ.
შეგახსენებთ, ფესტივალი 2008 წლის ომის შემდეგ ნიქოზის ეპისკოპოსის მეუფე ისაიას ინიციატივით დაფუძნდა და წელს მეთორმეტედ იმართება.