30 აგვისტოს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიბეას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი ესწრებოდნენ.
ღონისძიებას, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების წევრები და ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანია, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების საკითხზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება და ცნობიერების ამაღლება, ასევე ოჯახების თანადგომა და მათი გაუჩინარებული ახლობლების ხსოვნის უკვდავყოფა.
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ამ დრომდე, 2000-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, რომელთა მოძიება და ოჯახებისთვის დაბრუნება სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ცნობისთვის, 30 აგვისტოს მსოფლიოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 1981 წელს, კოსტა რიკაში, ლათინურ ამერიკაში დაარსდა, საქართველოში კი, ოფიციალურად, ეს დღე 2011 წლიდან აღინიშნება.