შიდა ქართლში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაცია გრძელდება.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ერთ-ერთი ობიექტი, რომლის აღდგენითი სამუშაოებიც დაიგეგმა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მდებარე ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმია.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დიდი ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის სახელობის მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
„აღნიშნულ სახლ-მუზეუმს, ძირითადად, XIX საუკუნის ქართლის საერო არქიტექტურის ზოგადი სტილისტური ნიშნები ახასიათებს და ქართლის სოფლების თავადური საცხოვრებელი სახლის ნიმუშად გვევლინება. XX საუკუნის განმავლობაში შენობას რეკონსტრუქცია რამდენჯერმე ჩაუტარდა, თუმცა, საერთო გეგმარების მხრივ, მასშტაბური ცვლილებები არ მომხდარა.
პროექტის შესაბამისად, შენობის ფასადები გაიწმინდება და რესტავრირდება; მოეწყობა სახურავი, აღმოსავლეთის ავარიული კედელი დაიშლება და აღდგება არსებული წყობის ხასიათის სრული დაცვით; მოეწყობა მარანი. აშენდება, ასევე, ვიზიტორთა მიღების და მომსახურების ცენტრი. ტერიტორია გახდება შშმ პირთათვის ადაპტირებული“, - აღნიშნავენ სააგენტოში.