საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი ხვალ, 23 აგვისტოს გაიხსნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველს ნადირობა გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის შემდეგ შეეძლება.
მსურველები ნადირობისთვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალს, ნადირობის ვადებს და დღიური ლიმიტებს, ნადირობის ადგილების მიხედვით შეუძლიათ გაეცნონ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (mepa . gov . ge).
მოსაკრებლის გადახდა კი შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.
„გასათვალისწინებელია, რომ ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში, მათ შორის: საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე, სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებულ საშენი მეურნეობების ფართობებზე.
ნადირობა აკრძალულია ყველა სხვა იარაღიდან, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღიდან და სანადირო პნევმატური იარაღიდან,“ - აცხადებენ უწყებაში.