გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 106 წლის იუბილე აღნიშნეს.
ღონისძიების ფარგლებში, ბაკალავრიატის მეთერთმეტე და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მეოცე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიაც ჩატარდა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.
მიხეილ ყაველაშვილმა კურსდამთავრებულებს აკადემიის წარმატებით დასრულება მიულოცა. ქვეყნისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აქ ყველა პირობაა შექმნილი უმაღლესი დონის ოფიცრების გასაზრდელად.
ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ სამხედრო განათლება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი განცხადებით, ამ კუთხით ხორციელდება არაერთი პროექტი, რაც თავდაცვის ძალებს და საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გააძლიერებს.
კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს, ასევე, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ.
აკადემიის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, თავდაცვის ძალების ოფიცერთა კორპუსი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია (გვაზავა), ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, დაჭრილ-დაშავებული სამხედროები და კურსდამთავრებულების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
კურსდამთავრებულების და აკადემიის პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და აკადემიის რექტორმა „საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი“ გახსნეს. შემეცნებით სივრცეში წარმოდგენილ ექსპონატებს შორის განსაკუთრებული ადგილი გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოსს უკავია, რომლის აღდგენა თავდაცვის სამინისტროს და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ასევე, ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ წელს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატი 76-მა იუნკერმა, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსი კი 42-მა მსმენელმა დაასრულა.