საზოგადოება
22.08.2025 12:33
ატენის ხეობის ურბანული განახლების პროექტი მალე დასრულდება

გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობის არეალში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.

ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ეკლესიასთან ასასვლელი ბილიკის და სოფლიდან ეკლესიამდე შემოვლითი ბილიკის მოწყობა. აქტიურ ფაზაშია ტერასების საკონსერვაციო სამუშაოებიც, სრულად იცვლება გარე განათების სისტემა, ეწყობა ახალი ღობეები და ჭიშკრები, ასევე, შენდება ახალი საფეხმავლო ხიდი.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თითქმის დასრულებულია ფანჩატურის, კაფის და საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა. უახლოეს პერიოდში განახლდება ეკლესიასთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკის საფარი, ასევე, იგეგმება საავტომობილო ხიდის და ავტოსადგომის მოწყობაც.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ, ატენის სიონის არეალი განახლებული იერსახით და ახალი რეკრეაციული სივრცით მოიზიდავს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს.

პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 3.6 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს.
კვირის ამბები