შიდა ქართლში, კერძოდ, ქარელში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული სამსახურის ახალი შენობა აშენდება.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ ჩიქოვანი და ცენტრის თანამშრომლები ქარელში იმყოფებოდნენ და პროექტის დეტალებს გაეცნენ.
პროექტის მიხედვით, საერთაშორისო სტანდარტებით დაპროექტებული შენობა თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით აღიჭურვება. გათვალისწინებულია პერსონალის მოსასვენებელი ოთახებიც. ცენტრში სამი ბრიგადა იმუშავებს და ქარელის მუნიციპალიტეტს მთლიანად მოემსახურება.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს ღირსეული სამუშაო პირობები ჰქონდეთ, მოსახლეობამ კი მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური მომსახურება მიიღოს. მინისტრის თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის არსებული ინფრასტრუქტურის განახლება და ახალი შენობების მშენებლობა.