„საზაფხულო ტურისტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკი 2025“ დასრულდა, - გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ბიისის ბანაკმა, ჯამში, 420 ახალგაზრდას უმასპინძლა.
ბიისში, ბანაკის დასკვნით ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი უკვე რამდენიმე წელია ასოციაცია „ტონთიოსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება. ბანაკი 13-18 წლის ასაკის მოზარდებს 5 დღით მასპინძლობს.
ამ პერიოდის განმავლობაში პროექტის ბენეფიციარები სწავლობენ საველე პირობებში - კარვებში ცხოვრებას, მონაწილეობენ როგორც ლაშქრობებში, ასევე, სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში.
„ბიისის საზაფხულო ბანაკს ვესტუმრეთ და ახალგაზრდებთან კიდევ ერთი სასიამოვნო საღამო გავატარეთ. ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით მოზარდებს მიეცათ საშუალება ზაფხულის პერიოდში დაესვენათ და ზიარებოდნენ სამთო ტურიზმს და საბანაკე ცხოვრებას.
სამომავლოდ, ასევე, იგეგმება ახალგაზრდებზე მორგებული ბევრი პროექტი. ვაპირებ, მაქსიმალურად მხარი დავუჭირო ყველა პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ხელშეწყობას როგორც სპორტული, ისე კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით განვითარებას გულისხმობს“, - აღნიშნა კონსტანტინე ბუზალაძემ.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის მერია, ახალგაზრდების დასვენებას, ასევე, ბაკურიანის საზაფხულო ბანაკში უზრუნველყობს.