სპორტი
20.08.2025 11:42
თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი დავით ჭეჭელაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა (20 წლამდელებს შორის) დავით ჭეჭელაშვილმა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გორელმა სპორტსმენმა ბულგარეთის ქალაქ სამოკოვიში მიმდინარე შეჯიბრებაზე იაპონელი, პოლონელი და ყირგიზი მეტოქეები დაამარცხა, ამერიკელ მოწინააღმდეგესთან წააგო, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ინდოელ სპორტსმენს - ამითს 9:6 სძლია.

ჭეჭელაშვილი, რომელიც 79 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია, მისი მწვრთნელი არკადი ხინჩიკაშვილია.

წელს, გორელმა სპორტსმენმა თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონობის შემდეგ, ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

შეგახსენებთ, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი, ასევე, გორელმა კონსტანტინე პეტრიაშვილმა (92 კგ.) დაიმსახურა.

 

კვირის ამბები