ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლში სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას აქტიურად აგრძელებს.
პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად განახლდება და მოსწავლეებისთვის შეიქმნება უსაფრთხო, კომფორტული და მათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.
„ახალი და რეაბილიტირებული სკოლები აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახებით, ბიბლიოთეკით, სამეცნიერო ლაბორატორიით, სპორტული მოედნებითა და კეთილმოწყობილი ეზოთი.
სკოლებში სრულად განახლდება გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. ჩატარდება ენერგოეფექტურობის სამუშაოები - სახურავის და კედლების თბოიზოლაცია, რაც ხელს შეუწყობს ზამთრის პერიოდში ენერგიის დაზოგვას და შენობებში სითბოს შენარჩუნებას. ყველა სკოლა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
პროექტის შედეგად, 1170-მდე მოსწავლე უკვე შეძლებს სარგებლობას სრულად გამართული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო ინფრასტრუქტურით“, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
ცნობისთვის, რეგიონში არსებული საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის და სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის სესხის, ასევე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.