საზოგადოება
19.08.2025 12:10
თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო.

იძულებით გადაადგილებულ პირებს პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, ხელსაწყოები და ტექნიკა გადაეცემათ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამაში ჩართვა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს და იმ დევნილებს, ეკომიგრანტებს შეუძლიათ, რომელთა პროფესიული საქმიანობა რაიმე სახის დოკუმენტით დასტურდება.

დევნილები და ეკომიგრანტები 4000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ, თავადვე შეარჩევენ.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 15 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართებზე  შეუძლიათ: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა; გორი, სამების ქ. N1; რუსთავი, მე-17 მ/რ, N20ა; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

კვირის ამბები