მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა და რეგისტრაცია მიმდინარეობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, 3 051 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს სულ 39 663 კომისიის წევრი მოემსახურება, მათგან საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 153 ხელმძღვანელი პირი და 15 255 წევრი. დანარჩენი 15 255 წევრის დანიშვნა კი უფლებამოსილ პარტიებს შეუძლიათ.
„კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 14 აგვისტოს ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე. ასევე, შესაძლებელია განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi. cec. gov. ge) საშუალებით.
პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც, ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიებშია ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია სერტიფიცირებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევს, რადგან კანონმდებლობით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულოა“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.