2025 წლის ივლისში საპენსიო ფონდის პორტფელები სტაბილურად გაიზარდა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საპენსიო ფონდი აქვეყნებს.
როგორც ფონდში აცხადებენ, გლობალური ბაზრების სისუსტისა და ლარის აშშ დოლართან მიმართებით გამყარების ტენდენციის ფონზე, რაც უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების შემოსავლიანობას ამცირებს, ივლისის პოზიტიური დინამიკა ძირითადად ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული აქტივების მაღალ და სტაბილურ ამონაგებს უკავშირდება.
„ივლისში, ყველაზე მაღალი - 0.62%-იანი - ზრდა კონსერვატიულმა პორტფელმა აჩვენა, ხოლო დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები შესაბამისად 0.51% და 0.20%-ით გაიზარდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ივლისში სამომხმარებლო ფასების ინდექსის კლებამ 0.17% შეადგინა, რაც პორტფელების რეალურ ამონაგებზე დადებითად აისახა.
მიუხედავად იმისა, რომ თვე დინამიკური პორტფელისთვის შედარებით სუსტი აღმოჩნდა, წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობის კუთხით აღნიშნული პორტფელი ლიდერობს. თუმცა, შემოსავლიანობა სამივე პორტფელში საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება: კონსერვატიული - 6.00%; დაბალანსებული - 6.50% და დინამიკური - 7.08%
აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელი გრძელვადიანი შემოსავლიანობის კუთხითაც ლიდერობს - პორტფელების შექმნიდან (2023 წლის 6 აგვისტო) დღემდე მისი გაწლიურებული ამონაგები 13.3%-ია, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისთვის შესაბამისი მაჩვენებლები 12.5% და 11.5%-ს შეადგენენ“, - აცხადებენ საქართველოს საპენსიო ფონდში.
ცნობისთვის, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 655 ათასი ადამიანია. 2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 21,972-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 95.4 მლნ ლარი.