მოქალაქეთა ახალი პროფესიული უნარების გაძლიერების და დასაქმების მიზნით, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პროექტს ახორციელებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, მომზადება-გადამზადების პროგრამას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და მასში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სააგენტომ, ქვეყნის მასშტაბით, 2000-მდე მოქალაქეს მოთხოვნადი პროფესიების 80-ზე მეტი მოკლევადიანი კურსი სრულად დაუფინანსა.
2024 წელს კი, სააგენტოს დაფინანსებით, 3700-მდე სამუშაოს მაძიებელი ჩაერთო პროგრამაში და ახალი პროფესიული უნარები შეიძინა.
„დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო 30-მდე კერძო და სახელმწიფო კოლეჯთან უკვე თანამშრომლობს. მოკლევადიანი პროფესიული სწავლება 1-დან 3 თვემდე გრძელდება და ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორებიცაა: კომპიუტერული პროგრამები, ესთეტიკური, სილამაზის, საბუღალტრო, სარესტორნო, სასტუმრო, სამზარეულო და საინჟინრო მიმართულებები, ასევე, შინ მოვლის, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის და სააღმზრდელო პროცესის წარმართვის პროფესიები.
მოკლევადიან პროფესიულ კურსებში ჩასართავად, აუცილებელია, მოქალაქეებმა მიმართონ დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებს, გაიარონ რეგისტრაცია და შეარჩიონ სასურველი პროფესიული სფერო.
უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის კურსდამთავრებულ ბენეფიციართა უმრავლესობა უკვე დასაქმებულია“, - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.