დღეს, 12 აგვისტოს, საქართველოში დიდგორობა აღინიშნება.
სახალხო დღესასწაული 1121 წლის 12 აგვისტოს მომხდარი დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად იმართება.
უკვე რამდენიმე წელია, დიდგორობა სახალხო დღესასწაულია, უფრო ადრე კი, ისტორიულად, დიდგორობა იყო ხალხური რელიგიური დღესასწაული ქართლში. დიდგორის მთის წვერზე შემონახულია წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები.
ქართველთა ლაშქარმა 1121 წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე, თურქ-სელჩუკთა კოალიციურ ჯარებთან გადამწყვეტ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. დავითის ისტორიკოსის მიხედვით, ეს სისხლისმღვრელი ბრძოლა - „ძლევაი საკვირველი“ - მხოლოდ სამ საათამდე გაგრძელდა.
თურქ-სელჩუკთა დამარცხებულმა ლაშქარმა დიდი ზარალი ნახა. მათე ურჰაელის სიტყვებით, „იმ დღეს იქნა სასტიკი და საშინელი ამოწყვეტა თურქთა ჯარებისა და აღივსნენ გვამებით მდინარენი და მთათა ხევები და ყოველნი მთათა ქარაფნი დაიფარნენ“ მტრის გვამებითო.
დიდგორის ბრძოლამ ბევრი ქართველი შეიწირა, მაგრამ საქართველოს ლაშქრის დანაკლისი, მტრის ჯარის დანაკლისთან შედარებით, ძალზე მცირე ყოფილა.
დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებით 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო – „დიდგორის ჯვრის ორდენი“, რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცემათ.
დიდგორის ველზე, წელსაც, არაერთი ღონისძიება იმართება.