საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში პატივი მიაგო გმირულად დაღუპული 17 მეომრის ხსოვნას და მემორიალი გვირგვინებით შეამკო.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მათი გმირობა შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი უზენაესი ღირებულებაა.
„დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირების ხსოვნას, რომლებმაც თითოეულ ქართველს, მომავალ თაობებს მისცეს გმირობის მაგალითი. ასეთ გმირობაზე უნდა იზრდებოდნენ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა. ეს გმირობა შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არის უზენაესი ღირებულება, რისთვისაც ღირს ყველაზე ძვირფასის გაწირვაც კი. ეს არის სიცოცხლე და სწორედ ამის მაგალითი მოგვცეს ჩვენ შინდისის გმირებმა. ჩვენი ვალია, რომ პატივი მივაგოთ შინდისის გმირების ხსოვნას”, - განაცხადა პრემიერმა.
დღეს, 11 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდის - შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა.