შინდისის ბრძოლის ადგილზე, გმირების მემორიალური კომპლექსი აშენდება - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით, შინდისის გმირების მემორიალთან განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, სამუზეუმო სივრცის სამშენებლო სამუშაოები ორ ფაზად განხორციელდება. პროექტის პირველი ფაზა უკვე დასრულებულია - შემუშავებულია კომპლექსის არქიტექტურული კონცეფცია, პროექტი და ესკიზები.
მემორიალური კომპლექსის ასაშენებლად შემუშავებული პროექტი შინდისში ფოტომასალის სახით დღეს გამოიფინა.
„11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა - მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენს ისტორიაში. შეუპოვარი, თავდაუზოგავი ბრძოლის დღე, ქართული ხასიათის და ქართული სულის გამოვლინების დღე.
მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს პროექტი, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს და აქ, შინდისის გმირების მასშტაბური მემორიალი მოეწყობა. ვუზრუნველყობთ, დავიცვათ ავთენტურობა, რომ სრულად შენარჩუნდეს ის იერსახე, რომელსაც აქაურობა ატარებს. მეორეს მხრივ, ასევე, დაემატება ელემენტები, რომელიც ხაზს გაუსვამს 17 წლის წინ, შინდისის გმირების მიერ აქ ჩადენილ თავგანწირვას.
ეს ადგილი არის ძალიან ბევრი ადამიანის თავშეყრის ადგილი, მათ შორის გმირების ოჯახის წევრების, ჭირისუფლების, ჩვენი თანამებრძოლების, თავდაცვის ძალების, უბრალოდ მოქალაქეების... ამ ტერიტორიას მემორიალური დატვირთვა მიეცემა და საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვისაც საინტერესო გახდება.
აქ მოსული ადამიანები შესაბამისი ბილიკებით სრულად გაივლიან და აღიქვავენ იმ მომენტებს, რომლებიც ჩვენმა გმირებმა გაიარეს ომის პერიოდში“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.