სამართალი
07.08.2025 15:56
ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისსა და რეგიონებში 43 პირი დააკავეს, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ განხორციელებული კიდევ ერთი საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. შედეგად დაკავებულია ნარკოტიკების რეალიზაციაში, რეალიზაციის მომზადებასა და რეალიზაციის მცდელობაში, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანასა და შეძენა-შენახვაში ბრალდებული 43 პირი.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიმა გეკა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.

დანაშაულები 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისათვის იყენებდნენ სხვადასხვა ინტერნეტ-აპლიკაციას, სოციალურ ქსელებს და ასევე, ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებული საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყნის მასშტაბით, 24 საათიან რეჟიმში, ინტენსიურად აგრძელებენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას და ნარკორეალიზატორების დასაკავებლად კომპლექსური ღონისძიებების ჩატარებას, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

კვირის ამბები